2024 წლის 25 თებერვალს თბილისში ახალი საგამოფენო სივრცე, გალერეა “Ars Longa” გაიხსნა დიმიტრი ხახუტაშვილის რეტროსპექტული გამოფენით, რომელიც 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.
დიმიტრი ხახუტაშვილი (1927-2009) ქართველი მხატვრების 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, მაგრამ არ ქონია პერსონალური გამოფენა.
მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესიაონალებისთვისაც კი. ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.
დიმიტრი ხახუტაშვილის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი მნიშვნელოვანი პერსონალური გამოფენა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია 2022 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
გალერეა „Ars Longa“-ში წარმოდგენილია მხატვრის 70 ნამუშვარი კერძო კოლექციიდან.
კურატორი - ლელა წიწუაშვილი/ Curator - Lela Tsitsuashvili
ექსპოზიციის დიზაინი და ტექნიკური ჯგუფი / Exposition design & Technical staff - დავით ჯანიაშვილი/ David Janiashvili, ალეკო ხვიჩია, Tornike Katsitadze, Aliko Iahktnishvili
მისამართი: ინგოროყვას ქ. 19 (9 აპრილის ბაღის მხრიდან)