ბიოგრაფია

დიმიტრი ხახუტაშვილი მამასთან ერთად

დიმიტრი ხახუტაშვილი

დიმიტრი ხახუტაშვილი მიეკუთვნება ორმოცდაათიანი წლების ქართველ მხატვართა თაობას. სწორედ იმ პერიოდს, როდესაც მოხდა ქართულ ხელოვნებაში ერთგვარი ძვრა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მხატვარი.

   იგი დაიბადა 1927 წელს, ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიში დაზგური ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ პერიოდისათვის ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი და სხვა.

სწავლის პერიოდში მისი შემოქმედება შედარებით მოკრძალებულ, აკადემიურ სტილს წარმოადგენს, რის თვალსაჩინო ნიმუშსაც მისი სადიპლომო ნამუშევარი წარმოადგენს - ჯგუფური პორტრეტი მხატვრის სახელოსნოში, რომელიც მან თავის პედაგობებს მიუძღვნა. სადიპლომო ნამუშევარი მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშენს წარმოადგენს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოფენილი სამხატვრო აკადემიის დერეფანში, როგორც მისაბაძი მაგალითი და საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარი. თუმცა ბუნებით თავისუფალი მხატვრისთვის მხატვრული ძიებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ სიცოცხლის მთელ მანძილზე იგი სხვადასხვა სტილსა და ჟანრში ქმნიდა ნამუშევრებს და ცდიდა საკუთარ თავს.

1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.1982 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,1986-2006 წლებში კი იყო ფერწერის კათედრის გამგე. მხატვარმა და პედაგოგმა აკადემია გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე-2008 წელს წამოვიდა. დიმიტრი ხახუტაშვილმა აღზარდა არაერთი წარმატებული და საინტერესო მხატვარი, როგორებიც არიან რადიშ თორდია, ბესო არბოლიშვილი, შალვა მატუაშვილი (რომელიც მისი ასისტენტიც კი იყო) და სხვა მრავალი.

მისი როგორც მხატვრის, ინტერესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. დაწყებული მრავალფიგურიანი კომპოზიციებით, პეიზაჟებითა თუ პორტრეტებით, დამთავრებული პირობითი დეკორატიული კომპოზიციებითა და ქანდაკებით. შექმნილი აქვს ნამუშევრები რეალისტურ, იმპრესიონისტურ, ექსპრესიონისტურ,კუბისტურ, სიურეალისტურ მიმართულებებში. ხშირად ქმნიდა ერთსა და იმავე სიუჟეტებს სხვადასხვა ჟანრში. ასევე მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საილუსტრაციო ხელოვნებასაც. დიმიტრი ხახუტაშვილს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა გაზეთ "დილასთან", მის მიერაა დასურათებული არაერთი ცნობილი ნაწარმოები. მიტო ხახუტაშვილს შექმნილი აქვს 800-ზე მეტი ფერმწერული და გრაფიკული ნამუშევარი სხვადახსხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.

მხატვარი მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენაში და მღებული აქვს არაერთი ჯილდო. 1989წელს მას მიენიჭა საქართველო სახალხო მხატვრის წოდება, ხოლო 1998 წელს მან მიიღო ღირსების ორდენი. დიმიტრი ხახუტაშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში,რატვერსის უნივერსიტეტის ზიმერლის მუზეუმში და სხვა.

დიმიტრი ხახუტაშვილი გარდაიცვალა 2009 წლის 6ივლისს.